x
გელათის აკადემიის ისტორია და მნიშვნელობა
XII ს-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა და იდეოლოგიურ-კულტურულმა ვითარებამ რეალური პირობები შექმნა იმისთვის, რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილიყო ისეთი დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური კერა, როგორიც გელათის აკადემია იყო. ეს განპირობებული იყო იმით, რომ საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები ვერ ახდენდნენ გავლენას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე - ქართველები თუკი ტაო-კლარჯეთში არა, უცხოეთში მიდიოდნენ განათლების მისაღებად. უკან რამდენი ბრუნდებოდა უცნობია. გაერთიანებულ საქართველოს მეცნიერების ცენტრი სჭირდებოდა და დავით აღმაშენებელს ამ მიზნის სამსახურში ესახებოდა გელათის აკადემია. იგი საქართველოში საერო და სასულიერო მეცნიერების ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც მეცნიერების ყველა დარგს აერთიანებდა. გელათის აკადემია გაერთიანებული საქართველოს ცენტრალურ სამეცნიერო დაწესებულებად ითვლებოდა, რომელზე დაყრდნობითაც სამეფო ხელისუფლების განსაკუთრებული მზრუნველობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა.image

მეფის თაოსნობით 1106 წელს დაიწყო გელათის აკადემიის მშენებლობა, გელათის აკადემიაში დავითმა თავი მოუყარა იმ დროს საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ ცნობილ ქართველ სწავლულებს : იოანე პეტრიწს, არსენ იყალთოელს, იოანე ტარიწისძეს და სხვებს. მეფემ ზუსტად იცოდა რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გელათის დაარსებას ქვეყნისათვის, რაოდენ დიდ ძლიერებას და დამოუკიდებლობას ნიშნავდა ეს.
პირველი საკმაოდ დაწვრილებითი ისტორიული წყაროები სწავლა-განათლებისა და მეცნიერული მუშაობის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, სადაც ეჭვმიუტანლად დამოწმებულია გელათის მონასტრისა დამასთან აკადემიის დაარსება დავითის მიერ 1106-1125 წლებში. აკადემიის სათავეში დავითმა იოანე პეტრიწონელი დააყენა, რომელსაც მოძღვართ-მოძღვარი ეწოდა, რომლის სიცოცხლეში აკადემიის მთელი მუშაობა მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. გელათის აკადებია გარდაიქმნა „მეორე იერუსალიმად“.



image

დავით აღმაშენებელმა მისივე თაოსნობით დაფუძნებული გელათის აკადემია მატერიალურად სავსებით უზრუნველყო. მან მრავალი ძვირფასეულობა შესწირა გელათის ღვთისმშობლის მონასტერსა და, მაშასადამე, მის სისტემაში შემავალ აკადემიას. მონასტრის განმგებლობაში "მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ–მიუხუეჭელთა სოფელთა თანა" დავითმა გადასცა "მამული ლიპარიტეთი", რომელიც "უმკვიდროდ დარჩომილ იყო". როგორც აღნიშნულია, აქ "ლიპარიტეთი" ლიპარიტის საკუთარ საგვარეულო მამულს გულისხმობს, რომელიც ისტორიულ არგვეთში მდებარეობდა. ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებლმა მონასტერს "უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა".
აღსანიშნავია, რომ გელათის აკადემიის ხელმძღვანელი, რექტორი, მოძღვართ მოძღვარი ფრიად პატივცემული პიროვნებაა სამეფო კარზე, კარის გარიგების მიხედვით "მოძღვართ–მოძღვართ უფრო მეტი პატივი აქვს, წერს აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, ვიდრე ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსებს. მეფე მას ეპყრობა განსაკუთრებული ყურადღებით და განსაკუთრებული პატივის მინიჭებით.image


დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო გელათის დაუსრულება, ამიტომაც თავის ვაჟს დემეტრე I-ს დაავალა და უანდერძა: “ხოლო დამრჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შჳლთა ჩემთა უსრულად და წარმყუა მისთჳსცა ტკივილი სამარადისო. აწ შჳლმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთჳს და მისთჳს და მომავალთაჩემთათჳს”. როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და აფასებდა დავით აღმაშენებელი გელათს ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მეფე მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელშია დაკრძალული. 1126 წელს მონასტრის მშენებლობა დაამთავრა დემეტრემ. მან ღვთისმშობლის ტაძარი მხატვრულად გააფორმებინა და აკურთხებინა. აღსანიშნავია მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების შერწყმა, რომელიც საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება.თანაც იმ პერიოდში მოზაიკური მხატვრობა საკმაოდ დიდი პრიორიტეტი იყო და მხოლოდ ძალიან შეძლებულ, ოსტატებით დატვირთულ და მნიშვნელოვან ობიექტებს შეეძლოთ მოზაიკის შექმნა. (დარუბანდი)image

გელათის აკადემიამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო და ფილოსოფიურ- ლიტერატურულ განვითარებაში. აქ არაერთმა ქართველმა მიიღო ფილოსოფიურ-მეცნიერული განათლება. პროფესორ სვიმონ ყაუხჩიშვილის თანახმად, გელათის აკადემიაში "დისციპლინათა სწავლება აგებული უნდა ყოფილიყო ცნობილ სისტემაზე trivium-quadrivium (ტრივიუმის და კვადრიუმის), ე.ი. ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია, ისტორია", რადგან ბიზანტიის ბევრ უმაღლეს სკოლაშიც სწორედ სწავლების ასეთი სისტემა არსებობდა. გარდა შვიდი სამეცნიერო-სასწავლო დარგისა, რომელიც აქ ისწავლებოდა, დავით აღმაშენებელმა გელათში კიდევ ობსერვატორია და სამედიცინო დაწესებულება - ქსენონი დააარსა. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ გელათის აკადემია ამზადებდა მხატვრებს, ფერწერის ოსტატებს, რომ მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ოქროჭედური ხელოვნების წინსვლის საქმეშიც. აკადემიის შენობა მდებარეობს ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით, აქვს ვრცელი დარბაზის სახე, კედლების გასწვრივ შემონახულია ქვის დასაჯდომები, დარბაზის შუა ადგილას დასავლეთის კედელთან ცალკეა ქვის მაგიდა, რომელიც კათედრის მოვალეობას ასრულებდა, კედლებში შემორჩენილია თახჩები, რომელთაც ნივთების შესანახად იყენებდნენ.image

გელათის აკადემიის ძლიერების ხანა XII საუკუნე და XIII საუკუნის დამდეგია; საერთოდ კი იგი არსებობას განაგრძობს XVI საუკუნის დასაყისამდე. 1510 წ. ოსმალებმა დაარბიეს გელათი. აქ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა იმერთა მეფე ბაგრატ III–მ. 1519 წ. გელათში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრალი. XVI ს. II ნახევარში გელათი გადაიქცა დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენციად, ადრე ის ბიჭვინთაში იყო.

XVII ს. II ნახევარში გელათი დაქვეითდა. მისი მამულები ფეოდალებმა მიიტაცეს. XVIII ს. იწყება გელათის აღმავლობა, მამულების დაბრუნება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, თუმც 1759 წ. ლეკებმა გელათი გადაწვეს. გელათში იყო დასვენებული ხახულის, აწყურის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები რადგან გელათი მიაჩნდათ საიმედო თავშესაფრად.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ გელათი გადაკეთდა საეკლესიო შტატის დაწესებულებად, ხოლო 1824 წ. იქაური საეპისკოპოსო იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა. ამჟამად დაცულია სახელმწიფოს მიერ.

გელათის აკადემიის მნიშვნელობა საქართველოს განათლების ისტორიაში უდიდესია, რადგან ეს იყო პირველი სისტემატიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მიღებული ცოდნა არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხოეთში განსწავლულობას. ქართველებს მიეცათ საშუალება დარჩენილიყვნენ სამშობლოში და აქ განეხორციელებინათ საკუთარი მიზნები. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორი გონიერი და ძლიერი პირი ჩააყენე მეფე აკადემიის სათავეში - იოანე პეტრიწი, რომელიც აუცილებლად შექმნიდა მკაცრად განსაზღვრულ, იმდროინდელ სტანდარტებზე მორგებულ კერას.image

ამ აკადემიის არსებობამ საქართველო უფრო მეტად დამოუკიდებელ და განვითარებულ ქვეყნად აქცია. სწორედ ეს იყო დავით აღმაშენებელის განზრახვაც. მან იცოდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განათლებას.

0
2118
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია არაბიძე
ხატია არაბიძე
2118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0